Sunday, December 25, 2011

ყოველთვის ასე ხდებოდა 3 ...

3 მომენტი-მაკროკოსმიური სამყაროს მიკრო მოდელის შექმნა
სიმბოლოებია:საცხოვრისი, კარი,ნიში , კერა, დედაბოძი,   მარანი...
    ადამიანს ყოველთვის მძაფრად ჰქონდა განვითარებული  სურვილი იმისა, რომ  თავისი  ადგილი  ეპოვნა უკიდეგანო, უსაზღვრო სამყაროში. მან  ძალიან ბევრი ისწავლა ბუნებისგან, რომელთანაც  საოცარ მსგავსებას ხედავდა საკუთარ თავში... სწორედ ამ მსგავსებებისა და დამთხვევების, თავისებური ინტერპრეტაციის წყალობით მივიდა ბევრ იმ სიმბოლომდე, ალეგორიასა თუ ლეგენდასთან, რომელიც დღეს გვაოცებს თავისი შორსმჭვრეტელობითა და მისტიციზმით (ხანდახან ბავშვური გულუბრყვიილობითაც კი) საინტერესოა და რათქმაუნდა სულაც არაა შემთხვევითი ის ფაქტი, რომ ქართველთა მიერ შექმილი სიმბოლოების მსგავსი მითები, არქეტიპები შეიქმნა სხვა კულტურებშიც...
    ადამიანს გაუჩნდა სურვილი და საკუთარი საცხოვრისი შექმნა, როგორც დაუსაბამო   სამყაროს   მიკროკოსმიური   მოდელი; ამაზე მიუთითებს საცხოვრისის  გარდამავალი  ზონა,   კარი, ზღურბლი, აივანი, კერია, და დედაბოძი  თავისი   ბორჯღალის სიმბოლოთი  ხომ   მთელი ფილოსოფიაა...
 მიკროკოსმიურის გარდავალი ზონებია; აივანი, ეზო...
 ხოლო   მაკროკოსმიურის  საზღვრებია; ზღვა, მთები ,მდინარე, ტყე, აუთვისებელი  მიწები...
  კარი-კარს დიდი დატვირთვა აქვს  ქრისტიანობაში.  " მე ვარ კარი”...  უფლის ეს სიტყვები ეკლესიის პორტალის თავზე თავსდება ხოლმე . ისევე, როგორც  "მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი”-ს ილუსტრაციაა ტრადიციული ვაზის ორნამენტი ტაძრის სარკმელებსა   და    კარებზე   და   ეს არაერთხელ აღნიშნულა მკვლევართა მიერ.
  ქართულ ტრადიციაში ფუნქციებიდან გამომდინარე, "ღვთის კარის” ადგილობრივ  განზომილებად შეიძლება ჩაითვალოს ნიში, საზარე მარანი, ხე... ანუ ეს მოვლენა საკრალური სივრცის ერთდროულად მიღწევადისა და მიუწვდომელის   ერთიანობის    თვალსაჩინო   ნიმუშია...
  ნიში არის გამოღრმავებული ადგილი (ქანდაკების, ავეჯეულობის), ძველად ხატის შესადგმელი თახჩა. რელიგიური თვალსაზრისით, სამლოცველო ნაგებობა თახჩით   და   შიგ მოთავსებული   ხატით...
  ნიში უმეტესწილად იდგმებოდა მაშინ, როდესაც ეკლესია შორს და მისასვლელად  ძნელი იყო, ხშირად  აგებდნენ  ნიშს; ნიში, როგორც სალოცავი, ასევე   საკრალური   სივრცის   ცენტრია.
 კერა- კერა,  კერია- ტრადიციული სახლის   ცენტრალური  ადგილი, სადაც ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტები ხორციელდებოდა... კერას უკავშირდებოდა ყველა რიტუალი, რომელიც კი სახლში  ტარდებოდა, საერთო იქნებოდა  ეს, თუ ცალ-ცალკე,  ქალების, ან  კაცების ჯგუფისა;  იგი  იყო ძირითადი ორიენტირი სახლის შიდა სივრცის სქესობრივ-ასაკობრივი დანაწილებისას; კერასთან  ტარდებოდა საქორწილო რიტუალისა  და ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული წესები,  რიგდებოდნენ მოსისხლეები. კერა იყო ოჯახის მთლიანობისა და კეთილდღეობის გამოხატულება,  მისი   შეურაცხყოფა   უდიდეს   დანაშაულად   ითვლებოდა...
  ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი კერისა არის ცეცხლი და წერიდან ჩამოშვებული საკიდი, რომელზეც ჰკიდია ქვაბი, საკიდელი. კერია სახლის მამრულ და მდედრულ მხარეებს წარმოადგენენ. მათი ერთიანობა ოჯახის სიმტიკიცის  გარანტიაა. საკიდის  ჩამოხსნა, ან გაწყვეტა ისეთივე უბედურებად იყო   მიჩნეული   ოჯახისთვის,  როგორც   ცეცხლის   ჩაქრობა   კერიაში.
დედაბოძი-მას უჭირავს თავის ბეჭზე სახლის ჭერი, როგორც ატლასს ცის თაღი. ამიტომაც იგი განასახიერებს ცისა და მიწის კავშირს ,სამყაროს ღერძს.დედაბოძის სიმბოლურობა გაძლიერებულია იმ ორნამენტებით, რაც არის გამოსახული ბოძზე-პირველრიგში ბორჯღალი.
ბორჯღალი-თავად სიტყვა გამოსახატავს მრავალტოტიანობას- ქორბუდა ირემზე იტყვიან „რქაბორჯღალიანი“  ეს ფიგურა წარმოადგენს ცეცხლის, მზის, მარადიული განახლების, წრებრუნვის და საბოლოოდ- სიცოცხლის სიმბოლოს... (ასევე გავრცელებულია შუამდინარეთში, ჩინეთში, იაპონიაში) ჯვარის ერთერთი სახეობაა...
მარანი – გარედან საიმედოდ შემოფარგლული ( სხვა შემთხვევაში ხეებით ან შენობით) საკრალური ტერიტორიაა, რომელშიც ღვთაებრივი ძალა სუფევს.  საკულტო  ქვევრი   ღვთის   სუფევის   ხილული   ნიშანია   მარანში.
" იაგუნდის მარანშია
შიგ ღვინო და ლალი ბჭვისო,
შიგ ალვის ხე ამოსულა,
ნორჩია და შტოსა შლისო,
ზედ ბულბული შემომჯდარა,
გასაფრენად ფრთასა შლისო”....

  


No comments:

Post a Comment