Wednesday, December 28, 2011

პინა ბაუში

  
    ვცადე , პატარა მიმოხილვის სახით   მინი-ბიოგრაფია დავწერე პინა ბაუშის შესახებ,   მაგრამ   როგორც თავად თქვა ერთხელ: „მე არ მაინტერესებს,  როგორ მოძრაობენ   ადამიანები, მე მაინტერესებს რა ამოძრავებთ მათ“, ისევე კარგავს დაწერილი  ბიოგრაფიაც  აზრს   მაშინ, როცა მის ცეკვას უყურებ; რადგან ბოლომდე გაშიშვლებული აქვს   სული,   ბოლომდე   უხსნის   მაყურებელს,  თუ   რა   დევს   მის   შინაგან სამყაროში ;  ეს   სამყარო ძალიან ღრმა,  დინამიური   და  მისტიურია...
  მის სპექტაკლებში მტანჯველი სექსუალური კომპლექსები გაბათილებულია ირონიული სცენური ნიშნებითა და მეტაფორებით...
   ეს  ერთი შეხედვით სიფრიფანა, თხელი,  ასკეტური  გარეგნობის ქალი გარდაქმნილია ქალად,  რომელსაც ვერაფრით დასწამებ ფემინიზმს, როგორც ეს გაუკეთებიათ არაერთხელ  ქორეოგრაფიისა  თუ  თეატრის  კრიტიკოსებს ,   ან   კოლეგებს...

   უყურებ  მისი   სხეულის  მონოლოგს, შეიგრძნობ და ხვდები, არავის რჩევები არაა გამართლებული, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და  თავისებურად  ესმის  ისეთი ელემენტარული რამეც  კი,  როგორიცაა სიარული,  გაღვიძება, დაძინება-ეს  რომ  არ  ისწავლება?  ხომ   ინსტიქტების დონეზე იცის   ყველა   სულიერმა? თუკი ასეთი პრიმიტიული  ქმედებებიც კი დამოუკიდებლად,  სხვის ჩაურევლად უნდა გააკეთოს  ჯანმრთელმა (ხან არც ისე ჯანმრთელმა,  მაგრამ სულიერად ძლიერმა) ადამიანმა, ცხოვრების წესების და „სტრატეგიების“ მიღება რაღატომ უნდა უნდოდეს?  მემგონი,  ცხოვრებაც   ინდივიდუალურად   უნდა  შეიგრძნოს...

                          

  ალბათ,  ძალიან მარტივად უნდა იცხოვრო იმ გაგებით, რომ საკუთარი თავი  არ დატვირთო  ”საზოგადოებაში” დადგენილი  გეგმებით,   სტერეოტიპებითა და ფორმულებით..... სხვისი    შექმნილი მხოლოდ იმაში შეიძლება წაგადგეს,  რომ გონება შეავსო  ახალი   იარაღებით, რათა შემდგომში გამოიყენო საკუთარ სულსა და არაცნობიერში „არქეოლოგიური გათხრების“ საწარმოებლად... „გათხრების“ შედეგად მიღებული მასალა კი გაასუფთავო, მოუარო და განაახლო... განახლებისას   მხოლოდ   გონება   ვერაფერს გახდება, ამაში გულის ფეთქვის   მოსმენა თუ    დაგეხმარება... გულის  ფეთქვის  მოსმენა არ ისწავლება; - ეს ნიჭია ,  როცა ბუნებას  შეგიძლია  უსმინო...  უსმინო  თითოეულ   ფოთოლს,  თითოეულ   ნიავს...


   საკუთარ თავს სწავლობ, უსმენ  შენს თითოეულ ფეთქვას, ნერვს, გრძნობ სისხლის მოძრაობას შენს ძარღვებში, ათვინიერებ შინაგან  სიზარმაცეს, ცდილობ, სხეულმა საკუთარი ენა  გამოძებნოს  და გარკვეული ემოციების  გამოხატვაც მოახდინოს - თუნდაც ცეკვისას... ნათქვამია: სხეული  რაღად გინდა, თუ   არ გამოიყენე   ქორეოგრაფიაშიო?
                                   
     ყოველთვის ისწრაფვის სოციალურის,  პოლიტიკურისა და ესთეტიკურის სინთეზისაკენ, ამავე დროს,  მიმზიდველია თავისი შინაგანი ქალურობით, მისი   სექსუალურობა მოდის არა სხეულის იდეალური ფორმების, მოდური ჩაცმულობისა თუ  გამომწვევი ქცევებიდან გამომდინარე, არამედ სულიერი მზის გამოსხივებით... არაფერში არ სჭირდება  კეკლუცობა, პოზირება იმისთვის, რომ  მომხიბვლელი  იყოს... როგორც მზე ათბობს და ავსებს სინათლით, სითბოთი და ოქროსფერი ფერით, ისევე  ავსებს  ასეთი   ქალი გარშემომყოფთ ემოციებითა და  სიხალასით...


   თუმცა, როგორც ზღვა ანეიტრალებს თავისი სიგრილით მზეს, ასევე აქვს  პინა ბაუშსაც  რაღაც გრილი, მშვიდი , ამავე დროს მღელვარე, მშფოთვარე და დაუმორჩილებელი   აურაში...

http://allmovies.ge/ge/#movie/ABDFIF
   პინა  სიმსივნით გარდაიცვალა რამოდენიმე ხნის წინ, მაგრამ ამ პოსტში შეგნებულად ვწერ მასზე, როგორც ცოცხალ პიროვნებაზე, რადგან ასეთი ადამიანები ყოველთვის ცოცხლობენ...

No comments:

Post a Comment