Saturday, March 26, 2011

ნამსხვრევები


..როცა ვახსენებ მე–ს, მაშინვე მივაყოლებ; შენ , ის, ჩვენ, თქვენ, ისინი… ასე ვგრძნობ და მეფიქრება უნებურად . . . ასე ვვარსებობთ მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ, ისინი . . .
ჩვეულებრივ სარკეში მხოლოდ რამოდენიმე წუთით თუ შევავლებთ თვალს საკუთარ გამოსახულებას … მაგრამ მეორე, უკიდეგანო, მრავლისდამტევ, ბევრისმთქმელ სარკეში გაღვიძებიდან–დაძინებამდე, საუკუნეების მანძილზე ვიცქირებით . . .
ამ სარკეში ვიხედებით, როცა ვესაუბრებით ადამიანებს, როცა დავდივართ ქუჩებში, როცა ვუყურებთ სატელევიზიო გადაცემებს, როცა ვერთობით მეგობრებთან, როცა ვჩხუბობთ გაბრაზებული და ემოციებს ვერ ვთოკავთ, როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩებით . . .

თუ მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ, ისინი არასდროს არ ვყოფილვართ მარტო, მაშინ ვინ ვართ ? ვინ არის თითოეული ჩვენგანი?
–ვინ ვარ მე?
– ამას კი მხოლოდ და მხოლოდ ისევ სარკე გაარკვევს . . . ოღონდ ისე , რომ არ ისაუბრებს და მდუმარედ დაგვანახებს ჩვენს ყოველგვარი გარეგნული ბრწყინვალე ელფერისგან გაშიშვლებულ მეს.
–ვინ ვარ მე?
–არ ვიცი, მაგრამ ყოველ ადამიანს უდგება დრო, როდესაც პასუხი უნდა გასცეს საკუთარ თავს, საკუთარ სინდისზე მხოლოდ ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი . . .
ეს სასწაულთმოქმედი სარკე ხალხია,უფრო სწორად, ჩვენი, ადამიანების მოქმედება, საქციელი. . . ყოველივე მისგან მომკილი შედეგი კი–სარკის გამაპრიალებელი, ამამბზინებელი, გამამკვრივებელია. . . გააჩნია როგორი ძალისაა ეს ადამიანური ქმედების შედეგები . . .

. . . და დღეს ნაწილ–ნაწილ იმსხვრევა დიდი, ძალიან დიდი ხნის მანძილზე შეკოწიწებული სარკე, სარკე, რომელშიც საუკუნეების მანძილზე ვიხედებოდით ჩვენი წინაპრებით, კულტურით, გენებით . . .
ვიცქირებით მთელი დღე და ღამე, მაგრამ ვერ ვხედავთ, (თუ არ გვინდა დავინახოთ?) როგორ პატარ–პატარა ნამსხვრევებად ილეწება ეს სევდის ნამცეცებად დაშლილი სარკე, რომელიც სულ მალე
უბედურების ნაპერწკლები აღმოჩნდება, რითაც ვქმნით საფრთხეს, რომ პატარა მათხოვრების, მიუსაფარი ბავშვების გრძნობებს, განცდებს, ცხოვრებას მოედება . . . მოგვიანებით კი ხელთ შეგვრჩება ადამიანობადაკარგული ადამიანი . . .
ხოლო ის, ვისაც სულში ყინული ჩაუგდეს , გული კი დაფერფლილი აქვს, ძალიან საშიში და შურისმაძიებელი ხდება . . . აი მაშინ კი დავიწყებთ მიზეზების კვლევას და გამოსავალის ძიებას, მოვძებნით მტრის ხატს და ვეცდებით მის გაქრობას, ატყდება მსჯელობები საზოგადოებაში, სატელევიზიო გადაცემებში, ისაუბრებენ „ამ საკითხში კომპეტენტური“ ადამიანები და როცა დავიღლებით შფოთვით, რამოდენიმე საქველმოქმედო აქციასაც მოვაწყობთ, კარგი ადამიანებიც გამოვჩნდებით სხვის თვალში, სინდისიც ცოტა დაგვიმშვიდდება და განვაგრძობთ ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას, პატარა მათხოვრები კი კვლავ დავიწყებას მიეცემიან . . .
ამ აურზაურის დროს „ჩვეულ“ კალაპოტში მიედინება მიუსაფარი ბავშვების ცხოვრება . . .
– რა ქნან? ანერვიულებულ დედებს, მამებს, ბებიებს, უფროს ადამიანებს უყურებენ დამფრთხალი თვალებით და ისედაც პატარა გული კიდევ უფრო ეწურებათ . . . ზოგი ისე გამოდის სახლიდან სამათხოვროდ, უფროსებმა არც იციან ამის შესახებ, ზოგს პირიქით–აიძულებენ ,ზოგს კი საერთოდ აღარავინ ჰყავს ამქვეყნად . . .
მათში ნაბიჯ–ნაბიჯ, ნელნელა კვდება ნიჭი ადამიანის სიყვარულისა და რაღა საფუძველი, იმედი გვაქვს იმისა, რომ პატარა მათხოვრები მომავალში სასტიკ არამზადებად არ მოგვევლინებიან? . . .

რა ხდება მათ შემდგომ ცხოვრებაში?
–ზოგი იტანს კიდეც ასეთ სირთულეებს და ძლიერ ადამიანად ყალიბდება, მაგრამ ადამიანი ხომ სუსტია ბუნებით და ხშირად ვერ უძლებენ სირთულეებს, ბოროტდებიან, ფსიქიკაში უყალიბდებათ მტრის ხატი და მათთვის სიკეთე, კარგი ადამიანი აღარ არსებობს, ყველა დამნაშავეა მათთან, ყველამ გაიმეტათ , გასწირათ და არ ასვენებთ დაუოეკებელი სურვილი იმისა, რომ თავიანთი სიძლიერე დაუმტკიცონ გარშემომყოფებს, შური იძიონ ყველაზე და ყველაფერზე...
ჩვენ, მაცხოვრებლებს, საზოგადოებას, პოლიტიკოსებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და ა.შ .. დანაშაული კონკრეტულად არავის მიგვიძღვის მათ უბედურებასა თუ სირთულეებში, მათი პრობლემის სათავე ხომ მტრის ხატია . . .

ყველა ვიშვერთ ხელს მტრის ხატისკენ და ვანამუსებთ, ვარცხვენთ, დემაგოგიურ გამოსვლებს ვაწყობთ, მახვილგონივრულად დავცინით ერთმანეთს, საკუთარი განათლებულობის დამონსტრირებას ვახდენთ და ვეძებთ სხვათა უსინდისობის დამამტკიცებელ საბუთებს, ვტირით ამაღელვებელ კადრებზე, ვაწყობთ ქველმოქმედებას და აუცილებლად ვაფიქსირებთ ფაქტებს ვიდეოფირზე, რომ ისტორიას დარჩეს ჩვენი სიკეთე...
. . . .
ხომ არ აჯობებდა, გონს მოვიდეთ და ჩავიხედოთ უფრო ღრმად, დაკვირვებით სარკეში, ნამსხვრევები და ჭუჭყიანი ლაქებიც შევამჩნიოთ, აღარ გვინდა სარკის ლანძღვა , მოვიკრიბოთ ნებისყოფა, ძალ–ღონე და აღარ ავარიდოთ თვალი იქ გამოსახულ მახინჯ არსებას, შევეშვათ მის ლანძღვას და მტრის ხატად წარმოდგენას . . . მივხვდეთ, რომ თუ კარგად გვინდა დავინახოთ ჩვენი გამოსახულება სარკეში და ვერ ვხედავთ, (ან უშნო არსებას ვხედავთ იქიდან) ჯერ კარგად უნდა გადავწმინდოთ, მერე კიდევ უფრო კარგად დავაკვირდეთ საკუთარ გამოსახულებას . . .
აი მერე კი გაირკვევა, რომ თურმე არამარტო სარკე ყოფილა ჭუჭყიანი, ნამსხვრევებით სავსე . . . აღმოჩნდება, თურმე თავად ჩვენ გვაცვია ჭუჭყიანი ტანსაცმელი, თავად დავმსგავსებივართ იმ არსებას, რომელიც გვიმზერდა სარკიდან და მტრად გვეხატებოდა. . ეს აღმოჩენა კი აღარ მოგვეწონება, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის “კარგი“ ვართ, სხვაა ყოველთვის დამნაშავე . . . ასე ხომ უფრო იოლია . . .
ხომ ყოველთვის ასე ხდება, მტრის ხატი აუცილებლად სხვაშია, ვიშვერთ მისკენ ხელს და ფარულად თუ აშკარად, ვაკრიტიკებთ, მერე მოგვწყინდება გაუთავებლად სხვისი ლანძღვა და ცოტა ფიქრის მერე აღმოვაჩენთ, რომ მტრის ხატი ჩვენშიც ყოფილა თურმე . . . .
გამოსავალი რა არის? ამ საკითხის და პრობლემის გადაწყვეტა მარტო ერთი პატარა წერილით რომ არ გამოვა, ეს მშვენივრად გვესმის
ყველას, მაგრამ ერთი რამ კი ფაქტია, რომ განზოგადება აფუჭებს ყველა საქმეს და საკუთარ სარკეს უნდა შევხედოთ ყველამ....
მთავარია, არ დაგვავიწყდეს ის სარკე – ანუ ჩვენი წარსულისა და აწმყოს ნაშიერი–მომავალი . . . ეს მომავალი ჩვენი ბავშვები არიან . . .
ყველა ჩვენგანი თუ სცდის და აიღებს ერთ ნამსხვრევს მაინც საკუთარი სარკიდან და შევაერთებთ, ამით ახალი შეიქმნება . . . ამით აღარ დაიკარგება ჩვენი საუკუნეები . . . არ ჩაილეწება დროისა და უსამართლობის უფსკრულში . . . უკუვაგდოთ მტრის ხატი და დავინახოთ საკუთარ თავში ნაკლი . . .
. . . . .
. . . მოკლედ, მიყვარს ჩვენი ლეგენდები და მისი დასასრულის ვარიანტების წარმოდგენა . . . ; ერთერთი ასეთი საყვარელი ლეგენდაა ამირანის ლეგენდა, ამირანის, რომელიც ღმერთმა დააჯილდოვა საოცარი ძალით, მაგრამ მან ამპარტავნების გამო საკუთარ ნათლიასთან–ქრისტესთან მოინდომა გაჯიბრება, მტრის ხატად დაისახა ქრისტე . . . ამ ამპარტავნების გამო დაისაჯა კიდეც . . . ვფიქრობდი ამ ლეგენდაზე და ვცადე, წარმომედგინა მისი დასასრული . . .
. . . . .
„ . . . გავიდა დღეები, თვეები, წლები... იტანჯებოდა ამირანი, ეწამებოდა მისი ყურშაც. ერთადერთ სანუგეშოდ ისღა რჩებოდა, რომ არ ბერდებოდა, ახალგაზრდული ენერგია არ ეშრიტებოდა... ადრე ამის გამოც სწყევლიდა ამირანი თავის ნათლია–ქრისტეს, დავბერდებოდი და სიკვდილი მაინც მეღირსებოდაო . . .
. . . წვიმდა. შავი, კაეშნიანი ღრუბლები ცას აბნელებდა, ხასხასა მთებს ფარავდა. ასეთი სურათის შემხედვარე მხიარულ ხასიათზე მყოფი ადამიანიც გაუჟმურდებოდა, არათუ ამირანისნაირი გამწარებული კაცი . . .
მოსაღამოვდა, ცამ გადაიკარა . . .
მზემ გამოანათა . . .
მთებმა ჯერაც შემოხვეულ შავ ღრუბლებში მწვანე ფოსფორისფერად გაანათა.
ნაწვიმარი მიწა აშრა...
ტბორების წვეთები მზის სხივებს გაჰყვა;
–საით?
–ვინ იცის. . . .
თვალგაშტერებული ამირანი სივრცეში იცქირებოდა . . .
მისი გული სევდით იყო სავსე . . .
თვალწინ საკუთარი ცხოვრების ხან რომელი , ხან რომელი სურათი გაუელვებდა . . .
ახლა თავზესაყრელი დრო ჰქონდა საფიქრელად და საკუთარი თავის განსასჯელად.
ახლა ხვდებოდა, ის უზარმაზარი ენერგია, რაც უბოძა ღმერთმა, არ შეალია საჭირო საქმეს . . .
–ქრისტესთან, ღმერთთან შებრძოლება რაღამ აფიქრებინა?!...
მთავარის დანათლება დაავიწყდა ქრისტე–ნათლიას; ამირანს ლამაზი სული და ნათელი გონება უნდა ჰქონოდა, უნდა ეგრძნო, რა არის ნამდვილად ღირებული, ფასეული . . .
უცებ მიხვდა, რომ ისევ ქრისტეს ადანაშაულებდა და სინდისის ქენჯნა იგრძნო, მას ხომ ყველაფერი უბოძა ღმერთმა და კიდევ რაღაცის ძებნაში იყო. . . გამოსავალს კი ყოველთვის სხვის დადანაშაულებაში პოულობდა, თვით ქრისტეც კი მისთვის უკვე მტრის ხატად ქცეულიყო და ახლა, ამდენი ხნის ფიქრის მერე ვეღარ გაეგო, რატომ უნდა ეფიქრა ასე, რატომ უნდა ყოფილიყო ნათლია მისი მტერი, ნათლია, რომელმაც ყველაფერი უბოძა და აჩუქა. . .
ბრაზობდა თავის თავზე და აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა, რომ სინდისი დაემშვიდებინა, ადგილს ვეღარ პოულობდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ის საკაცობრიო ჯაჭვით იყო მიბმული კავკასიონის ქედზე . .
სუსტი ძახილი შემოესმა, ხმა მიჩუმდა...ცოტა ხანში ძახილი კვლავ განმეორდა;
–ამირან! ამირანი ყურებს არ უჯერებდა, ეს ყამარის ხმაა !!!! მოულოდნელად ამირანს, რომელმაც ცრემლი რა იყო, არ იცოდა, ცრემლნარევი გმინვა აღმოხდა . . .
უყურებდა სწრაფად მომავალ ყამარს და წუთები საუკუნეებად ეჩვენებოდა. ქალს გვერდით ახალგაზრდა უცნობი მოჰყვებოდა. ეჭვმა გაუელვა ამირანს გულში, მაგრამ სიხარულით თავგზააბნეულს მაშინვე გადაავიწყდა წამიერი განცდა.
. . . სათქმელი და მოსაყოლი ვერა და ვერ გამოილიეს, შეჰყურებდნენ ერთმანეთს და თვალები ეცრემლებოდათ, ხმა ეკარგებოდათ. . .
ქალი ისევ ისეთი ლამაზი იყო . . .
–ამირან! ყამარი უცებ ცალკე მდგომ უცნობს მიუბრუნდა, სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა და …
–ამირან, ის . . . ჩვენი შვილია! . . .
. . . შვილი? . . . ამირანს თვალები გაუფართოვდა, ხელი გაიქნია , ჯაჭვი აიწყვიტა, შვილთან მიიჭრა და მოეხვია . . .
ქალი მიუახლოვდა მამა–შვილს და ამირანს, რომელსაც ისევ სევდა, სინანული ჰქონდა თვალებში ჩამდგარი, სიხარულით სავსე ხმით უთხრა ;
–შენ ახლა კაცობრიობის ჯაჭვი გაწყვიტე, ამირან !!! დღეიდან აღარ იარსებებს ამპარტავნება, იმიტომ რომ ... შენ შენს თავს აჯობე . . .
ყამარმა ამირანის აწ უკვე დაჟანგული, მაგრამ მაინც ცოდვიანი ხმალი შორს, კავკასიონს იქით გადაისროლა, გაწყვეტილ ჯაჭვს კი სამივემ ერთად მოჰკიდა ხელი და ზემოთ, ცისკენ ასწია–ღმერთისადმი მადლიერების გამოხატვის ნიშნად...
მზემ გამოანათა , კავკასიონის ყინულებმა დნობა იწყეს...
ლურჯ, კრიალა ცაზე ქრისტეს მომღიმარე სახე გაკრთა...“
. . . . .

P.S.
. . . რატომ დავწერე ეს ყველაფერი?
ან რა შუაშია ამირანის ლეგენდა , არა? . . .
ჩვენ ხომ არანაირი შეხება არ გაქვს ამ ყველაფერთან? ხანდახან, როცა ვახერხებთ, მოწყალებას კი გავცემთ, სახლში კი ვერავის წავიყვანთ, საკუთარი პრობლემებიც გვყოფნის... დახმარება ისევ სხვას შეუძლია, ჩვენ არა …
ისევ სხვა, ისევ მტრის ხატი . . .
ხანდახან არის მომენტი, როცა საკუთარ თავს ვიჭერთ, რომ შეგვიძლია გავაკეთოთ რაღაც კარგი, მაგრამ უკან ვიხევთ, გვეზარება თითქოს, გვეპრობლემება, ეგოიზმი გვძლევს . . .
არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვინ ვართ, ვინ რას წარმოვადგენთ, ვის რა შესაძლებლობა გვაქვს, ვინ სად ვმუშაობთ, ყველას შეგვიძლია რაღაც სულ მცირედი შევქმნათ, გავაკეთოთ . . .
ბევრ კარგ ადამიანს ვიცნობ, ვინც ასწავლის უანგაროდ მიუსაფარ ბავშვებს, ვინც ადამიანების რწმენას უნერგავს გულში, ვინც ეკლესიისკენ, ღმერთისკენ მიმავალ გზას აჩვენებს . . . ეს ადამიანები არ ჩანან, რადგან თვლიან; „მადლი გააკეთე, ქვაზე დადე“–ო...
ამ ძლიერმა ადამიანებმა მშვენივრად იციან, რომ არსებობს მტრის ხატი, მაგრამ მის გაქრობას ახერხებენ იმით, რომ ჯერ საკუთარ სულში , საკუთარ სარკეში გამოსახულ მტრის ხატს ანადგურებენ . . . .
მინდა მეც მათნაირი ვიყო . . .
თქვენ ?
თქვენ არ გინდათ?. . .

No comments:

Post a Comment